ავტორიზაცია

რეგისტრაცია

რა არის CLIL?

                                                          რა არის CLIL?

    მულტილინგვალიზმი -  ცხოვრებისეული შესაძლებლობების    
    მრავალფეროვნება

  ადამიანებს შორის ურთიერთობისა და კომუნიკაციისათვის საჭიროა ენა.
 ენა ადამიანებს შორის ხიდის როლს ასრულებს: რაც მეტი ენა იცი, მით უფრო მეტ ადამიანთან შეძლებ ურთიერთობის დამყარებას; რაც უფრო უკეთ იცი ენა – მით უფრო იოლია სხვადასხვა ეროვნებისა და ქვეყნის წარმომადგენელთან საქმიანი კომუნიკაციის წარმოება. 
 ჩვენ, მშობლებს, გვსურს, რომ მუდმივად ცვალებად გარემოში ჩვენი შვილების თაობამ ბევრად უკეთ შეძლოს ორიენტირება, ვიდრე ჩვენმა თაობამ და იყვნენ ბედნიერები, კმაყოფილნი თავიანთი ცხოვრებითა და საქმიანობით - მიაღწიონ მეტს, დაიმკვიდრონ საკუთარი თავი, მიაღწიონ დიდ სიმაღლეებს კარიერასა და სამსახურში.
 ყოველი ენა, რომელიც ეცოდინებათ და გამოიყენებენ ჩვენი შვილები, გაუხსნით მათ ახალ შესაძლებლობებს, დაამყარონ ურთიერთობა სხვადასხვა ადამიანთან, იმუშაონ მათთან ერთად, გაეცნონ მათს კულტურასა და ცხოვრების წესს; გასათვალისწინებელია ისიც, რომ დღევანდელ მსოფლიოში მეტად ფასდება ენების ცოდნა – მას, ვინც რამდენიმე ენა იცის, პრაქტიკულად გარანტირებული აქვს მაღალანაზღაურებადი სამუშაო ადგილი.
 უკანასკნელ ათწლეულებში ევროპის საბჭომ გაააქტიურა მუშაობა უმცირესობათა ენების უფლებების დასაცავად, მათი ენების შესანარჩუნებლად და მხარდასაჭერად. ამ კონტექსტში მულტილინგვური (მრავალენოვანი) განათლება საუკეთესო გზად არის მიჩნეული.   მრავალენოვნება - ეს არის ადამიანის შესაძლებლობა, პრაგმატულად გამოიყენოს რამდენიმე  ენა ცხოვრებისეულ სიტუაციებში. 
 თანამედროვე მსოფლიოში ყველა ადამიანი ცდილობს, იყოს მრავალენოვანი, რათა მიეცეთ მეტი შესაძლებლობები, ვიდრე მათ, ვინც მხოლოდ მშობლიურ ენას ფლობს. დღეისათვის მუდმივად ცვალებად კულტურულ ევროპულ სივრცეში მრავალენოვნება არის ნორმა. 
 მეორე ენის წარმატებით შესწავლისათვის დიდი მნიშვნელობა აქვს მშობლიური ენის განვითარებას. ორენოვნება (// მრავალენოვნება) ვითარდება მხოლოდ მაშინ, როცა ადამიანს შეუძლია გამოხატოს თავისი ნებისმიერი აზრი, უკიდურეს შემთხვევაში, ორ ენაზე მაინც...
 თუ გსურთ, თქვენმა შვილმა ილაპარაკოს რამდენიმე ენაზე, პირველ რიგში, მხარი დაუჭირეთ მათში მშობლიური მეტყველების განვითარებას  და, იმავდროულად,  დაეხმარეთ მეორე ენის დაუფლებაში - ეს ორი მიზანი ერთმანეთს ხელს არ უშლის!

    რატომ არის მნიშვნელოვანი მულტილინგვური განათლება 
    საქართველოსთვის?

  საქართველოში, ისევე, როგორც სხვა ქვეყნებში, მულტილინგვური განათლება თვითმიზანი კი არ არის, არამედ ეს არის სახელმწიფო ენის ათვისების ყველაზე ეფექტური საშუალება.  პრაქტიკულად, ეს ერთადერთი საშუალებაა საქართველოს ყველა მოქალაქისათვის, იცოდეს საკომუნიკაციო ენა (სახელმწიფო ენა) საქართველოს მრავალეროვანი მოსახლეობისთვის, რათა მოახდინოს ინტეგრირება საზოგადოებაში.
  ადამიანი, რომელსაც განათლება აქვს მიღებული მხოლოდ მშობლიურ ენაზე, მიუხედავად იმისა, საკმაოდ კარგადაც რომ ჰქონდეს სკოლაში ნასწავლი ქართული ენა, მაინც ითვლება მონოლინგვალად. მონოლინგვალები უნებლიეთ თარგმნიან მიღებულ ინფორმაციას მშობლიურ ენაზე, ინფორმაციის უკეთ გააზრების მიზნით.
  არის კიდევ ერთი პრობლემა: უმაღლეს სასწავლებლებში სწავლების ენა ქართულია. სახელმწიფო ენის არცოდნის გამო, უნივერსიტეტებში სწავლის გაგრძელებას უმცირესობათა მხოლოდ მცირე ნაწილი ახერხებს...  მონოლინგვური განათლება მხოლოდ მშობლიურ ენაზე უმცირესობების უმეტეს ნაწილს ართმევს შესაძლებლობას, სწავლა განაგრძოს საქართველოს უმაღლეს სასწავლებლებში სახელმწიფო ენაზე.
ჩნდება კითხვა: საქართველოს ყველა სკოლაში სავალდებულოა სახელმწიფო ენის სწავლება, რომელსაც საკმაოდ დიდი დრო ეთმობა (5 საათი კვირაში)... მაშ, რატომღა გვაქვს პრობლემა ქართული ენის დაუფლების თვალსაზრისით?


     რატომ ვერ ამართლებს ქართული ენის თუნდაც  გაძლიერებული სწავლება 
     არაქართულენოვან სკოლებში?

 დღესდღეობით საქართველოს საგანმანათლებლო სივრცეში სწავლების ერთადერთ ფორმად მონოლინგვური მოდელი რჩება: მონოლინგვურია როგორც დომინანტ (სახელმწიფო) ენაზე მიმდინარე სწავლება, ასევე, ეთნიკურ უმცირესობათა წარმომადგენლების ენებზე მიმდინარე სწავლების ფორმა: სკოლებში სწავლების ენა ერთია; სომხურ- / რუსულ- /  აზერბაიჯანულენოვან სკოლებში სახელმწიფო ენა ისწავლება, როგორც საგანი.
  ფაქტია, რომ ენის, როგორც მხოლოდ სასწავლო საგნის სწავლებისას, ძალიან იშვიათად ხდება, რომ ადამიანმა შეიძინოს უნარი, თავისუფლად გამოიყენოს  ეს ენა ცხოვრებაში. 
მრავალი კვლევის შედეგები  გვიჩვენებს, რომ მეორე ენის დაუფლება მაშინ ხდება, როცა იგი გამოიყენება, როგორც სასწავლო პროცესის შემეცნების საშუალება. 
თუ ენა ისწავლება როგორც სასწავლო საგანი, მისი ათვისებისათვის საჭიროა 9 წელი... 
ენის გამოყენება საგნების სწავლებისას ენის ათვისების დროს ამცირებს მინიმუმ ორჯერ!

    მულტილინგვური განათლების როლი მოზარდის შემეცნებითი 
    განვითარების პროცესში

  მონოლინგვურ სკოლებში, სადაც სწავლების ენა უმცირესობათა მშობლიური ენებია, სახელმწიფო ენას მხოლოდ ენის გაკვეთილებზე სწავლობენ, როგორც საგანს (ისევე, როგორც ბუნებას, მათემატიკას, ფიზიკას და ა.შ.). იმ შემთხვევაშიც კი, როდესაც ქართული ენის სწავლება მაღალ დონეზე ხდება, ისინი ჩამორჩებიან ენის ცოდნაში იმ ბავშვებს, ვისთვისაც ქართული დედაენაა. მათ შორის ძალიან ცოტა თუ მიაღწევს ენის საკმარის ცოდნას საიმისოდ, რომ შეძლოს სრულყოფილი მონაწილეობა მიიღოს საქართველოს სოციალურ და პოლიტიკურ ცხოვრებაში.... გარდა ამისა, მხოლოდ სახელმწიფო ენის ფლობის არასაკმარისი დონე არ არის ამ ტიპის სკოლების ნაკლი: მოზარდის კოგნიტური (შემეცნებითი) განვითარების დონეზე დადებით გავლენას ახდენს მულტილინგვური განათლება.
  არაერთი გამოკვლევა ცხადყოფს, რომ ბილინგვალები გაცილებით უფრო ვითარდებიან შემეცნებითი თვალსაზრისით: ისინი პრობლემების გადაწყვეტისას უფრო შემოქმედებითნი და საზრიანები ხდებიან. ფაქტია, რომ არც ფსიქოლოგიური თვალსაზრისით ემუქრება მოზარდს რამე - ორი ენის ადრეული ასაკიდან დაუფლება არათუ საშიშია - არამედ - ბავშვის მომზადების აუცილებელი კომპონენტია დღევანდელ მრავალფეროვან, მულტიკულტურულ საზოგადოებაში: ბავშვის მშობლიური კულტურული გარემო კი არ ითრგუნება, არამედ ვითარდება და უკეთ წარმოჩინდება მეორე ენის გარემოსთან შედარების ფონზე.

    მულტილინგვური განათლების არსი

  რას წარმოადგენს მულტილინგვური განათლება, რომელიც ჯერ კიდევ გასული საუკუნის 90-იანი წლებიდან გახდა პოპულარული დასავლეთის მრავალ ქვეყანაში? რა არის მისი მიზანი, პრინციპები, მეთოდები და მიდგომები?
მაშ ასე: წარმოვადგენთ იმ ძირითად პრინციპებს, რომელთაც ეფუძნება მულტილინგვური განათლება:
  • მულტილინგვური განათლების დროს აუცილებელია, ხელი შეეწყოს და განვითარდეს მშობლიური ენა;
 • რაც უფრო მეტი პროგრესი აქვს მოსწავლეს ენების ათვისებაში, მით უფრო მეტი საგანი შეიძლება ვასწავლოთ მეორე (არამშობლიურ) ენაზე;
 • ვინაიდან მულტილინგვური პროგრამები გათვლილია არა ასიმილაციაზე, არამედ ინტეგრაციასა და პლურალიზმზე, სწავლების პროცესში არც ერთ ენას არ უნდა ჰქონდეს პრივილეგია - არც მშობლიურს და არც - მეორე / უცხო ენას;
 • ყველა მასწავლებელი, რომელიც სწავლებისთვის მეორე (მოსწავლეებისთვის - არამშობლიურ) ენას იყენებს, კარგად უნდა ფლობდეს სამიზნე ენას.
   იმისათვის, რომ არსებული პრობლემების დაძლევა მოხდეს, მულტილინგვური განათლების მრავალი მოდელი შესაძლოა იყოს სასარგებლო. მულტილინგვური განათლება გულისხმობს ორი ან მეტი ენის გამოყენებას სწავლების პროცესში;  სხვადასხვა საგნები ისწავლება სხვადასხვა ენეზე: მაგალითად, მათემატიკა, სპორტი და გეოგრაფია ისწავლება პირველ (მშობლიურ) ენაზე, ისტორია და ხელოვნება -  მეორე ენაზე და ა.შ. 
  განსხვავებული ენები შესაძლოა ისწავლებოდეს ორი ან მეტი მასწავლებლის მიერ ერთ გაკვეთილზე. სხვადასხვა ენა გამოიყენება გაკვეთილზე სხვადასხვა მიზნისთვის. ასევე, სხვადასხვა ენა შესაძლოა გამოიყენებოდეს დროის სხვადასხვა მონაკვეთში. მაგ: ერთი ენა დილას, მეორე შუადღით; ან ასევე შესაძლებელია სხვადასხვა ენა გამოიყენებოდეს კვირის სხვადასხვა დღეებში და ასე შემდეგ. მრავალენოვნების მიღწევის რამდენიმე ეფექტური მოდელი არსებობს; თუმცა, ბოლო ხანებში განსაკუთრებით შედეგიანად და ეფექტურ მიდგომად დასავლეთის და აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებში განიხილება ენისა და საგნობრივი შინაარსის ინტეგრირებული სწავლება (CLIL).


    ენისა და საგნობრივი შინაარსის ინტეგრირებული სწავლება (CLIL)

   მულტილინგვური განათლების ძირითადი განსხვავება ტრადიციულისაგან ის არის, რომ სწავლების ენა მხოლოდ საშუალება კი არ არის, არამედ მიზანიც. უდაო ფაქტია, რომ ენის შესწავლა ყველაზე ეფექტურია მნიშვნელოვან კონტექსტში. აქედან გამომდინარე, ორივე მიზნის მისაღწევად საჭიროა მუდმივი ბალანსირება საგნის შინაარსზე ფოკუსირებულ გაკვეთილსა და სპეციფიური ენობრივი მიმართულების გაკვეთილს შორის. ვინაიდან სიტყვათშეთანხმებაში „მულტილინგვური განათლება“ აქცენტი კეთდება სიტყვა განათლებაზე, მულტილინგვური გაკვეთილი ის ადგილია, სადაც ერთმანეთს ხვდება სასწავლო საგნის აკადემიური (საგნობრივი) და არააკადემიური შინაარსი (ენობრივი კომპეტენციები). ეს ნიშნავს, რომ რთული პრობლემების ახსნისას მარტივი არააკადემიური ენით უნდა ვისარგებლოთ (ვინაიდან მოსწავლეებმა ენა საკმარისად არ იციან).
   მულტილინგვური პროგრამები განსხვავდება მიზნისა და აუდიტორიის მიხედვით.
 იმ შემთხვევაში, როდესაც მულტილინგვური პროგრამის მიზანია საგანმანათლებლო პროცესის ერთი ენიდან მეორეზე გადაყვანა, ამ პროგრამებს გარდამავალ (ტრანზიტულ) პროგრამებს უწოდებენ. ეს პროგრამები პოპულარულია ამერიკის შეერთებულ შტატებში, დიდ ბრიტანეთში, იტალიაში, შვეციაში, სადაც ემიგრანტთა ნაკადი განუწყვეტლივ იზრდება.
 მულტილინგვური პროგრამების რეალიზაციის პროცესში სწავლების სხვადასხვა ხერხი გამოიყენება, რომლებსაც მოდელებს ანუ მიდგომებს უწოდებენ. მაშასადამე, ორივე ენის გამოყენება შეიძლება:
  •  ცალ-ცალკე, როცა სწავლების ენა იცვლება შინაარსის, ადგილის, დროის და პედაგოგის მიხედვით; არის საგნები, რომლებიც ისწავლება პირველ (მეორე, მესამე) ენაზე; სკოლის ერთ ნაწილში საუბარი მხოლოდ ერთ გარკვეულ ენაზე მიმდინარეობს; სადილის წინ მასწავლებელს ერთ ენაზე ესაუბრებიან, სადილის შემდეგ მეორეზე და სხვა;
 •  შეთანხმებულად (ორივე ენას იყენებენ გაკვეთილზე მისი მიზნიდან და შინაარსიდან გამომდინარე; ახალი მასალის გადმოცემისას პირველ ენას იყენებენ, რომელიც უკეთ ესმით; გამეორებისა და დასწავლის დროს მეორე (მესამე) ენას. იდეალში მოსწავლემ ისეთ დონეზე უნდა იცოდეს ორივე ენა, რომ მისთვის სულერთი იყოს, რა ენაზე მიდის გაკვეთილის ესა თუ ის ნაწილი;
 •  ნაწილობრივი ან სრული იმერსია მეორე ენაში; სრული იმერსიის შემთხვევაში მშობლიური ენის გამოყენება გაკვეთილზე სრულიად გამოირიცხება. ეს მეთოდი პირველად კანადაში (კვებეკის პროვინციაში) იქნა გამოყენებული;  მაგრამ ამ ტიპის პროგრამები ძალიან ძვირადღირებულია: ძნელია კვალიფიციური პედაგოგიური კადრის მოძებნა, რომელმაც კარგად იცის მეორე ენა, ეს კი ამგვარი პროგრამების დანერგვას პოსტსაბჭოთა სივრცეში ძნელად განსახორციელებელია... უნდა გავითვალისწინოთ ისიც, რომ ამგვარი სწავლება ძალიან მაღალი მოტივაციის მქონე აუდიტორიას მოითხოვს. ჩვეულებრივი სახელმწიფო სკოლისთვის სრული იმერსიის გამოყენება პრობლემატურია.
   კონკრეტული მულტილინგვური პროგრამის არჩევა დამოკიდებულია მოსახლეობის შემადგენლობაზე, პოლიტიკურ და სოციალურ სიტუაციაზე, სკოლის პედაგოგიურ შემადგენლობაზე და ტექნიკურ შესაძლებლობაზე, მშობელთა დამოკიდებულებაზე მულტილინგვური განათლების მიმართ. მეორე მხრივ, საგანმანათლებლო მიზნები, რომლის განხორციელებასაც ემსახურება პროგრამა ოფიციალური, სახელმწიფო ინსტიტუტების მიერ უნდა იყოს ჩამოყალიბებული.
  CLIL არის მიდგომა, რომელიც აფართოებს ენის შემსწავლელის ენობრივ კომპეტენციას ისეთ შინაარსზე დაყრდნობით, რომელიც სცილდება ჩვეულებრივი ენის გაკვეთილს: საგნობრივი (მათემატიკის, ბუნების, ისტორიის და ა.შ.) მასწავლებელი საგნის სწავლებასთან ერთად, ენის ცოდნის გაღრმავებაშიც ეხმარება მოსწავლეს.
  ენისა და საგნის ინტეგრირებული სწავლება (CLIL) ორმაგი აქცენტის მქონე საგანმანათლებლო მიდგომაა, რომელშიც მეორე, არამშობლიური ენა გამოიყენება როგორც საგნობრივი შინაარსის გაგების ინსტრუმენტი, ასევე თავად ამ ენის სასწავლად. ანუ, სწავლებისა და სწავლის პროცესში აქცენტი არ კეთდება არც მხოლოდ შინაარსზე და არც მხოლოდ ენაზე - ისინი გადახლართულია ერთმანეთში.
  ორი ენის გამოყენება სასწავლო პროცესში მასწავლებლის მხრიდან სერიოზულ მომზადებას მოითხოვს. მოსწავლეების მიერ ორივე ენაში მაღალი კომპეტენციის მისაღწევად მისაღწევად, კლასში სტრატეგიული ორკომპონენტიანი (საგნობრივი და ენობრივი) დაგეგმვაა აუცილებელი. არსებობს საშიშროება, რომ  მოსწავლეებმა სასწავლო საგანი ვერ აითვისონ მეორე ენის შეზღუდული ცოდნის გამო, რაც მათი აკადემიური ჩამორჩენის მიზეზი შეიძლება გახდეს; ამასთან, საგნობრივი პედაგოგები შიშობენ, ინტეგრირებულ გაკვეთილზე ენობრივი კომპეტენციების ამაღლებისთვის გარკვეული დროის დათმობა დააზარალებს ეროვნული სასწავლო გეგმას მოცემულ საგანში (მათემატიკაში, ფიზიკაში, გეოგრაფიაში და ა. შ.), რომლის მიღწევაც სავალდებულოა ყველა საგანში. 
  ენისა და საგნის ინტეგრირებული სწავლების მიდგომის გამოყენება საქართველოს არაქართულენოვან სკოლებში არა მხოლოდ საჭირო, არამედ აუცილებელიცაა: მონოლინგვურ არაქართულენოვან სკოლებში, პრაქტიკულად, მხოლოდ ქართული ენის გაკვეთილებზე ხორციელდება სახელმწიფო ენის სწავლება... სასკოლო და არასასკოლო გარემო მთლიანად არაქართულენოვანია; შესაბამისად, სახელმწიფო ენის ფუნქციონირების არეალის გაზრდა სასიცოცხლოდ აუცილებელია. სახელმწიფო ენის ფუნქციონირების არეალის გაფართოება გულისხმობს ქართულის არა მხოლოდ სასწავლო საგნად, არამედ ასევე სწავლების ენად დანერგვას. 
  განსაკუთრებით მნიშვნელოვანია CLIL მიდგომის გამოყენება საქართველოს უმაღლეს სასწავლებლებში  ჩაბარების მსურველთათვის: ქართულის ენის კომუნიკაციური საფუძვლების დაუფლება არ არის საკმარისი იმისათვის, რომ სტუდენტი სრულფასოვნად ჩაერთოს აკადემიურ სივრცეში - აუცილებელია კოგნიტურ-აკადემიური უნარების განვითარება, ურომლისოდაც ამა თუ იმ აკადემიურ სპეციალობაზე მოხვედრილ არაქართულენოვან სტუდენტებს უჭირთ ლექციების მოსმენა, დავალებების შესრულება, მომზადებული საკითხების პრეზენტაცია (ზეპირი თუ წერითი)...  გარკვეული საფუძვლების (თუნდაც მინიმალური) დაუფლების გარეშე სტუდენტი ხვდება ერთგვარ „შოკურ“ მდგომარეობაში, რასაც მძიმე შედეგები შეიძლება მოჰყვეს მოსწრების თვალსაზრისით...

    პირველი ყოველთვის პირველია!

 ისეთი ცნობილი ენათმეცნიერები და პედაგოგები, როგორებიც არიან პიაჟე და ვიგოდსკი, დიდ მნიშვნელობას ანიჭებენ მშობლიური ენის როლს მეორე ენის სწავლების პროცესში, ესე იგი იმ ენის როლს, რომელზეც ბავშვი ლაპარაკობს ოჯახში. 1990-იანი წლებიდან ლინგვისტები, პედაგოგები და ნევროლოგები ინტენსიურ კვლევებს ატარებენ ბავშვის ენობრივ და კოგნიტურ განვითარებაზე სკოლის დაწყებით საფეხურზე მრავალფეროვანი ლინგვისტური გარემოს პირობებში. ამას ამტკიცებს ბეიკერის, ვოუდის და ტომას/კოლიერის კვლევების შედეგებიც. ვიგოდსკის და პიაჟეს მოსაზრებებს სწავლების ენის მნიშვნელობაზე ბავშვის ზოგადი განვითარების პროცესში, ამყარებს არაერთი მათ მიერვე ჩატარებული კვლევაც.
  მონოლინგვურ  (მშობლიურ ენაზე) სკოლაში სწავლის დაწყება, ერთი შეხედვით, ბავშვისთვის საუკეთესო ვარიანტია, ასეთ კლასში იგი თავს კომფორტულად გრძნობს, ნორმალურადაც ვითარდება, მაგრამ - ხდება ერთენოვანი. პრობლემები წარმოიქმნება სკოლის დამსრულების შემდეგ, როცა იგი მოინდომებს სწავლის გაგრძელებას ან შესაფერისი სამსახურის ძებნას. სწორედ მაშინ დასჭირდება სახელმწიფო (ქართული) ენის მაღალ დონეზე ცოდნა, რომლის მიღწევაც, როგორც არაერთხელ აღინიშნა, შეუძლებელია მხოლოდ ქართული ენის, როგორც საგნის, თუნდაც გაძლიერებული სწავლების მეშვეობით; მით უმეტეს, თუ თქვენ ცხოვრობთ ისეთ რეგიონში სადაც ყოველდღიური ურთიერთობის საშუალება არ არის ქართული.
    მაშ, რა არის საუკეთესო ვარიანტი?
   ისევ და ისევ: მულტილინგვური განათლება!
  სწორედ მულტილინგვური განათლება იძლევა გარანტიას, მშობლიურ ენაში მიღებული გამოცდილება მოზარდმა გადაიტანოს მეორე და მესამე ენაში.
  ბავშვებისთვის, რომელთა მშობლიური ენა არ არის სახელმწიფო ენა, მულტილინგვურ სკოლაში მეორე ენის განვითარდება ხდება მათი მშობლიური ენის განვითარებისა და შენარჩუნების პარალელურად. ბავშვები, რომლებიც მშობლიური ენის დახმარებით სწავლობენ ორ ან მეტ ენას, არა მხოლოდ ენობრივი თვალსაზრისით ვითარდებიან, არამედ აღწევენ მაღალ დონეს აკადემიურ საგნებშიც (მათემატიკაში, ფიზიკაში, გეოგრაფიაში და ა.შ.). ისინი ხდებიან მულტილინგვალები, რაც გულისხმობს არა მხოლოდ იმას, რომ თავისუფლად ფლობენ და სხვადასხვა მიზნებისთვის იყენებენ ორ ან მეტ ენას, არამედ მათ პარალელურად უვითარდებათ სხვა დამატებითი უნარ-ჩვევებიც.
  პირველ რიგში, მულტილინგვალს უვითარდება შემეცნებითი აზროვნების უნარი. ისინი ხდებიან უფრო მეტად კრეატიულნი და მეტი შესაძლებლობები აქვთ გადაჭრან დამოუკიდებლად ზოგადად არსებული პრობლემები. 
 როგორც ზემოთ არაერთხელ აღინიშნა: მულტილინგვური განათლება არა თუ ამცრობს მშობლიური ენის როლს, არამედ - ხაზს უსვამს მის მნიშვნელობას სწავლების პროცესში. მულტილინგვური განათლების მოდელის ერთ-ერთი ფგუძემდებელი - კუმინსი ყოვრლთვის ხაზს უსვამდა მშობლიური ენის მნიშვნელობას:
პირველი ყოველთვის პირველია! 
- ამბობდა იგი - პირველში კი, რასაკვირველია, გულისხმობდა მშობლიურ ენას... მისი აზრით, ეფექტური და შედეგიანი ვერ იქნება ვერც ერთი მულტილინგვური პროგრამა თუ მოდელი, რომელიც მოზარდის სრულფასოვნად ათვისებული მშობლიური (პირველი) ენის ბაზისს არ დაეყრდნობა.