ავტორიზაცია

რეგისტრაცია

ორგანიზაციის შესახებ

 სამოქალაქო ინტეგრაციისა და ეროვნებათშორისი ურთიერთობების ცენტრი - CCIIR წარმოადგენს არასამთავრობო (NGO) ანალიტიკურ/კვლევით ორგანიზაციას, რომელიც სხვადასხვა დონორი ორგანიზაციის ფინანსური მხარდაჭერით, 2005 წლიდან ახორციელებს პროექტებს განათლების მიმართულებით. CCIIR შეისწავლის განათლების სისტემაში/სფეროში არსებულ პრობლემებსა და შეიმუშავებს რეკომენდაციებს განათლების პოლიტიკის გასაუმჯობესებლად. ორგანიზაციის მისიაა ხელი შეუწყოს ეთნიკური უმცირესობების ინტეგრაციის პროცესს საქართველოში, მათში სახელმწიფო ენის განვითარებას, მათ სამოქალაქო განათლებასა და ჩართულობას სახელმწიფოებრივ ცხოვრებაში. 

CCIIR - ის საქმიანობა და პრიორიტეტული მიმართულებები:

  • განათლების პოლიტიკის შესწავლა და ანალიზი - ამ მიზნით ორგანიზაცია ახორციელებს თვისებრივ კვლევებსა და უწყვეტ მონიტორინგს, უზრუნველყოფს დიალოგს გადაწყვეტილების მიმღებ პირებთან და პოლიტიკის შემქმნელებთან.
  • მულტილინგვური /მულტიკულტურული განათლება - ორგანიზაცია უზრუნველყოფს საზოგადოების ცნობიერების ამაღლებას საქართველოში მრავალფეროვან გარემოზე, უზრუნველყოფს ტოლერანტული გარემოს ჩამოყალიბებას; მონაწილეობს მულტიკულტურული განათლების პროგრამების, მრავალფეროვნების სწავლების კურიკულუმების შექმნასა და დანერგვაში უმაღლეს სასწავლებლებში.
  • წიგნიერება და ორენოვანი წიგნიერება -  ამ მიმართულებით ორგანიზაცია ხელს უწყობს ეთნიკური უმცირესობის მოსწავლეებში კითხვის უნარების განვითარებას დონეებად დაყოფილი საკითხავი ტექსტებისა და სხვადასხვა საგანმანათლებლო/მეთოდოლოგიური რესურსების შექმნით.
  • ქართულის, როგორც მეორე ენის სწავლება - ბილინგვური სწავლებისა და არაქართულენოვანი სკოლების რეფორმირების ხელშეწყობა - ამ მიზნით ორგანიზაცია ახორციელებს პროგრამებს სახელმწიფო ენის სწავლა-სწავლების ხარისხის გასაუმჯობესებლად ეთნიკური უმცირესობებით დასახლებულ რეგიონების ბილინგვურ სკოლებში.
  • მასწავლებელთა და აკადემიურ პერსონალთა პროფესიული განვითარება - ამ მიმართულებით ორგანიზაცია ატარებს ტრენინგ-სემინარებსა და ვორქშოფებს ბილინგვური სწავლების მეთოდებსა და სტრატეგიებში, უზრუნველყოფს ინტერკულტურული ურთიერთობების ხელშემწყობი პედაგოგიური მიდგომების განვითარებას.
  • პუბლიკაციების გამოცემა - ორგანიზაცია გამოსცემს პოლიტიკის დოკუმენტებს/კვლევის ანგარიშებს, ბილინგვურ საგანმანათლებლო და მეთოდოლოგიური რესურსებს, ენის სახელმძღვანელოებს, ლექსიკონებს, ჟურნალებს, ელექტრონულ პროდუქტებს და სხვ.

         

        სამიზნე ჯგუფები

  • სომხებისა და აზერბაიჯანელების ორი ძირითადი ეთნიკური ჯგუფი დასახლებული სამცხე-ჯავახეთისა და ქვემო ქართლის რეგიონებში.
  • ეთნიკური უმცირესობის სკოლები და სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებები საქართველოში, სადაც სწავლების ენას წარმოადგენს აზერბაიჯანული ან/და სომხური.
  • საქართველოს უმაღლესი სასწავლებლები.
  • ცვლილებებზე ორიენტირებული აქტიური ახალგაზრდები.
  • საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო და პოლიტიკის შემქმნელები.
  • განათლების საკითხებზე მომუშავე საზოგადოებრივი და არასამთავრობო ორგანიზაციები/ფონდები.
  • ადგილობრივი და საერთაშორისო დონორები ორგანიზაციები.
  • მედია.